საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენს შეკეთება ესაჭიროება, რაშიც სახელმწიფო 586501.3 ლარს დახარჯავს. როგორც სახემწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენი, საქარხნო № 95487, ბორტი GBP-10009, იღებდა მონაწილეობას ონის რაიონში (შოვი) მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მომხდარი სტიქიის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.
ონის რაიონიდან (შოვი) დაბრუნების შემდეგ, კუდა ხრახნის მილისას, ნახაზის №246-3904-000 სერია „01“, საქარხნო №МХ0010031B ღერძულა სახსრის (წითელი) შემამჭიდროებელი რეზინიდან შეინიშნება ზეთის ჟონვა, რაც გამოიწვევს შვეულმფრენის GBP-10009 გაჩერებას გაურკვეველი ვადით.
აღნიშნული საფრენი აპარატით ხორციელდება: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები. აქედან გამომდინარე საფრენი აპარატის გაჩერება გამოიწვევს სსდ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროებას წარმოადგენს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გავაფორმოთ ხელშეკრულება შპს “ავიასერვისი”-სთან 1 (ერთი) კომპლექტი კუდა ხრახნის (246-3904-000 სერია „01“, ლოპოტებით 246-3925-00) შესყიდვაზე, (საგარანტიო ვადა 12/05/2024 მდე ან 300 სამუშაო საათი, რომელიც უფრო ადრე დადგება, მოწოდების ვადა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე), ღირებულებით 586,501.30 ლარი.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს 1 სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენისათვის (ბორტი GBP 10009) 1 (ერთი) კომპლექტი კუდა ხრახნის (246-3904-000 სერია „01“, ლოპოტებით 246-3925-00) სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე“, – აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი ახორციელებს საჰაერო უშიშროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპლექსური ამოცანების შესრულებას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, აღნიშნული შესყიდვა ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ხასიათს, ასევე იმისთვის, რომ საავიაციო ტექნიკა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, შემცირდეს ინციდენტების და საავიაციო შემთხვევების მოხდენის რისკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია-მოვალეობების სრულყოფილად შესრულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სრულყოფილად და ეფექტურად დაცვის მიზნით აუცილებელია ვერტმფრენი დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეყვანილ იქნას მზადყოფნაში და სხვა საფრენ აპარატებთან ერთად კომპლექსურად უზრუნველყოს დავალებების შესრულება.