შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, 6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, “რუმს ჰოტელ ყაზბეგი”-ს კუთვნილი ვერტმფრენი – ე.წ. “ყანების ტერიტორიაზე”, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.