შიდა ფრენების განვითარებისთვის ქვეყანაში ვერტოდრომების მოწყობა იგეგმება, რაც ტურისტულ თუ საავიაციო სექტორში მომუშავე ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. უკვე შერჩეულია ვერტმფრენის აფრენა/დაფრენისთვის ხელსაყრელი 300-ზე მეტი წერტილი, საიდანაც საბოლოოდ საუკეთესო ლოკაციები შეირჩევა და ვერტოდრომების მშენებლობა დაიწყება. ამ დროისათვის ცნობილი არ არის, მათ მოწყობაზე სახელმწიფო იზრუნებს, თუ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. 

თუმცა, მანამდე, ვერტოდრომების მოწყობისათვის ხელსაყრელი ტერიტორიების კვლევას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ამბობს, რომ მისი მოვალეობა ტექნიკური თვალსაზრისით ლოკაციების შესწავლა და ინფორმაციის შეგროვებაა. შეჯერებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მთავრობას 2020 წლის მაისისთვის წარუდგენს და ამის შემდეგ თავად მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

“ამ პროექტის დაწყება დიდი ხანია გვინდოდა, რადგანაც ის წლების ინიციატივაა. აღნიშნულ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია და ივნისიდან შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ივნისიდანვე დაიწყო გასვლითი ღონისძიებები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები ყოველ კვირაში გადიოდნენ სხვადასხვა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში და აფასებდნენ ვერტმფრენებისათვის დასაჯდომი მოედნის, ანუ ვერტოდრომებისათვის ხელსაყრელ არეალს. რას მოიცავდა ეს? ეს სამუშაოები მოიცავდა სამუშაო ჯგუფის მიერ რელიეფის, არსებული მაღლივი დაბრკოლებების, შესაძლო შეფრენა-გაფრენის ზონებში არსებული შენობა ნაგებობების, კლიმატური პროცესების შესწავლას, ხელსაყრელ პირობებზე დაკვირვებას და იდენტიფიცირებას, თუ რამდენად არის კონკრეტული ლოკაცია ვერტმფრენის აფრენა/დაფრენისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი. ამ ეტაპისათვის თითქმის ყველა რეგიონი მოვიცავით. 300-ზე მეტი წერტილია შეფასებული, მათ შორისაა ძალიან მიუვალი წერტილებიც. 

ეს კი მაღალმთიანი რეგიონებისთვის ძალიან საჭირო პროექტია, რადგანაც იქ ვერტმფრენები გამოიყენება ძალიან აქტიურად. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ასევე ვერტმფრენების პილოტებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ მოახდინონ ოპერირება და წინასწარ, ზუსტად იცოდნენ თუ რა ლოკაციებზეა შესაძლებელი შეუფერხებლი დაფრენა. ეს იქნება მომზადებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზის, რუკების და კატალოგის სახით”, განმარტავს ლევან კარანაძე avianews-თან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერტოდრომების მოწყობაზე საუბარი არ არის, საუბარია ტექნიკური ინფორმაციის დამუშავებაზე. ლოკაციების შერჩევა კი ძირითადად სახელმწიფო მიწებზე მიმდინარეობს.

“ძირითადად სამუშაოები მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე. სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, რათა კერძო საკუთრებასთან ნაკლებად გვქონოდა შეხება. თუმცა რამდენადაც ვიცი ჩვენი სპეციალისტებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო საკუთრების მფლობელების მხრიდანაც გამოიხატა დაინტერესება რომ თავიანთი მიწებიც შეეთავაზებინათ როგორც ხელსაყრელი არეალი ვერტოდრომების მოსაწყობად.

წინასწარი შეფასებაც გვაქვს გაკეთებული, ვერტოდრომები შესაძლოა სხვადასხვა ტიპის იყოს: შეიძლება იყოს გრუნტზე მოწყობილი, შესაძლოა ბეტონის ან ასფალტის საფარით. გააჩნია რა დატვირთვაზეა გათვლილი.” აცხადებს კარანაძე.