4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.
დილის 9:00 საათზე უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა. რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

“2020 წელი საქართველოში გამოცხადებულია შიდა ტურიზმის განვითარების წლად. დღეიდან კი საქართველოში შიდა ავიამიმოსვლა აღდგა. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ კომფორტული საჰაერო ხომალდით მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით”, განმარტავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.