კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, ავიაკომპანია Georgian Airways-ის სპეცრეისით  30 ივლისს განხორციელდება. 

“სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით (კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით) შედგება 30 ივლისს. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი .

გამგზავრების დრო: 13:00 საათი (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 საათი (საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე.

თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ-იანი ხელბარგის წაღების უფლება.

საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს”, – განმარტავენ კვიპროსში საქართველოს საელჩოში. 

შეგახსენებთ, რომ კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის სპეცრეისი 21 ივლისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა თარიღმა გარკვეული მიზეზების გამო 7 დღით გადაიწია.