შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, 1-ლი ივლისიდან, ყველა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ვერ ხერხდება, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე აკეთებს.
თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ ყველა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად.
“უკვე ხშირად გვსმენია “მწვანე ქვეყნები” და მწვანე დერეფნები”. საჰაერო მიმოსვლის აღგენა ეტაპობრივად მოხდება იმ ქვეყნებთან, რომელიც იქნება ეპიდემიოლოგიურად “მწვანე”. რაც შეეხება მოგზაურობას, რა თქმა უნდა დამოკიდებულები ვართ იმაზე, მეორე ქვეყანა რამდენად დაუშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვებას მის ტერიტორიაზე. შესაბამისად ამჟამად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბევრ ქვეყანას აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან არ გვიშვებენ. შეზღუდვები უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოიხსნება ეტაპობრივად. რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა საქართველოში მოგზაურობას, დიახ. საქართველოში “მწვანე ქვეყნების” მოქალაქეები მოგზაურობას შეძლებენ”, აცხადებს თამარ არჩუაძე.