ჩინეთი გეგმავს შანხაიში დაამონტაჟოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 228 მეტრი სიმაღლის ფუტურისტული ეშმაკის ბორბალი, რომელსაც ტრადიციული ცენტრალური სპიკები არ ექნება. პროექტი სახელწოდებით „შანხაის ჭიშკარი“ ქალაქის ტურიზმის განვითარების მასშტაბური, 4-მილიარდიანი (იუანი) საინვესტიციო პაკეტის ნაწილია. ატრაქციონის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 293 მილიონი დოლარია, 2026 წლის ბოლოს ბაოშანის რაიონში, საერთაშორისო საკრუიზო ტერმინალთან ახლოს დაიწყება.
ინჟინერული თვალსაზრისით ეს ნაგებობა უნიკალურია: ტრადიციული კონსტრუქციისგან განსხვავებით, კაბინები მოძრაობას გარე რგოლზე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეასრულებენ. ამჟამად მსოფლიო რეკორდი უსპიკო ეშმაკის ბორბლებს შორის ეკუთვნის ჩინეთისავე შანდუნის პროვინციაში მდებარე „ბოჰაის თვალს“, რომლის სიმაღლეც 142,5 მეტრია. ახალი პროექტი მას თითქმის 85 მეტრით გადაასწრებს და ქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ იქცევა.
„შანხაის ჭიშკართან“ ერთად ქალაქში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის პრეზენტაცია გაიმართა. მათ შორისაა ციფრული ხელოვნების სფერული მოედანი West Bund Star Dome, იმერსიული თეატრი New World: Golden Age, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და მდინარე ხუანპუს განახლებული სანაპიროები ეკოლოგიური ექსკურსიული ტრანსპორტით. დეველოპერები ვარაუდობენ, რომ ეს სიახლეები შანხაიში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მიზიდავს.












