სექტემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში AviaNews-ს განუცხადეს, რომ Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ოპერირებას რამდენიმე კვირაში, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებს.
აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დანიშვნისთვის ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით Pegasus Airlines-ი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. გასულ წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა სავარაუდოდ, დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.
ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს.