სექტემბერში გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,9%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
„მიუხედავად ვაჭრობის ვარდნისა და საავიაციო საწვავის მაღალი ფასებისა სექტემბერში სატვირთო ოპერაციებმა 1.9%-ით ზრდა აჩვენა. ეს აშკარად აჩვენებს ძლიერ კონკურენტულ შეთავაზებებს საჰაერო ტვირთების ბაზარზე”, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვილი უოლშმა.
ამასთან, COVID-მდე პერიოდთან შედარებით, ანუ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე მაჩვენებლები 1,3%-ითაა შემცირებული. კერძოდ, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მოცულობა სექტემბერში 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 1,7%-ით შემცირდა და წლიური თვალსაზრისით 1,6%-ით გაიზარდა.
გასული წლის სექტემბერში საჰაერო ტვირთების ყველაზე დიდი ზრდა წლიური თვალსაზრისით დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში – 7,7%. ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 2.5%-ით და 2.3%-ით გაიზარდა. აფრიკაში სატვირთო მიმოსვლა შემცირდა 0,1%-ით, ევროპაში 1,5%-ით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 2,2%-ით.