ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ქართველ დიპლომატებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ. მედეა ჯანიაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩოები უცხოეთში, ასევე წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ. ძალიან მნიშვნელოვანია გავაზიაროთ ხედვა დაგეგმილი აქტივობების მიმართულებით. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ მომავალში საქართველოს აქტიურ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე”, -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის დაგეგმილ აქტივობებს, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას, გაცნობით პრეს და ინფო-ტურების მოწყობას, საერთაშორისო მედიის მასპინძლობასა, ახალ მარკეტინგულ კამპანიებსა და კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას მოიცავს.
“ეკონომიკური დიპლომატია და საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის განმტკიცება საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა, არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობა ინფორმაციის გაზიარება ტენდენციებსა და შესაძლებლობებზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ყოველდღიური თანამშრომლობა და ჩვენი საელჩოების აქტიური ჩართულობა. დღეს მოვისმინეთ დეტალური ანგარიში, ასევე ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობაზე და გეგმებზე, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით ჩვენს საქმიანობაში” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა.