2019 წლიდან საზღვაო ბიზნესით დაკავებული კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018) გააკეთა.

“აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება.

შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი – კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა”, აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ექსპორტის ზრდის, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ეროვნული წარმოების განვითარება და ტრანსპორტს ამ ნაწილში სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური როლი აქვს.

„მიგვაჩნია, რომ საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გაზრდა, რაც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ამ სექტორს საქართველოში. შესაბამისად, საზღვაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენ ავირჩიეთ საზღვაო განათლება და, დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს ძალიან პოზიტიურ შედეგებს”, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.