საუდის არაბეთის გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი ინიციატივა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც სამეფოში არსებული მილიონობით აქლემისთვის სპეციალური პასპორტები გაიცემა. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სექტორში პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად და დაეხმარება ქვეყანას აქლემების შესახებ სრულყოფილი და სანდო მონაცემთა ბაზის შექმნაში. მწვანე ფერის დოკუმენტი, რომელზეც ქვეყნის გერბი და აქლემის ოქროსფერი გამოსახულებაა დატანილი, ცხოველების აღრიცხვისა და მართვის უმთავრესი ინსტრუმენტი გახდება.
პასპორტების შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აქლემებით ვაჭრობისა და მათი ტრანსპორტირების პროცესის მოწესრიგებას. ოფიციალური დოკუმენტაცია უზრუნველყოფს მესაკუთრეთა უფლებების დაცვას, გაამარტივებს მფლობელობის დადასტურებას და დაარეგულირებს კომერციულ ოპერაციებს. 2024 წლის მონაცემებით, საუდის არაბეთში დაახლოებით 2.2 მილიონი აქლემია აღრიცხული, რომლებიც ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
აქლემები არაბეთის ნახევარკუნძულზე უძველესი დროიდან სტატუსისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. სამეფოში ყოველწლიურად იმართება აქლემების სილამაზის კონკურსები და ფესტივალები, სადაც ენთუზიასტები ასეულობით ათას დოლარს ხარჯავენ. პასპორტიზაციის სისტემა ასევე დაეხმარება ორგანიზატორებს ბრძოლაში ისეთი არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის წინააღმდეგ, როგორიცაა ცხოველების გარეგნობის ხელოვნური, კოსმეტიკური კორექტირება, რაც ბოლო წლებში მკაცრად ისჯება.
საუდის არაბეთისთვის აქლემი არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება ან შემოსავლის წყარო, არამედ ათასწლოვანი ისტორიის ნაწილია. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ კლდეებზე ნაკვეთი აქლემების გამოსახულებები სამეფოს ტერიტორიაზე 7 000 წელზე მეტს ითვლის. ახალი ინიციატივით სახელმწიფო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ცხოველების მნიშვნელობას და ცდილობს ტრადიციული დარგის მართვა თანამედროვე, ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციოს.












