თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავიაკომპანია Myway Airlines-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ ფონზე კი ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

ავიაკომპანია Myway Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 2021 წლის 9 დეკემბერს შეიტანა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა Myway Airlines-ის  ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა”, აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

Myway Airlines-ი არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა-გადაყვანის ოპერაციებს. კომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. ავიაკომპანიის ავიაპარკი ბოინგ 737-800  ტიპის ორი სამგზავრო და ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავით არის წარმოდგენილი.