საქარველოში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ყოველდღიურ რეჟიმში, სრულად ადაპტირდება საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მნიშვნელოვანია COVID-19-ის პრევენციისთვის, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურებისთვის ბევრი ფილტრი იქნება, თუმცა ეს სქემა იმუშავებს ისე, რომ საქართველო ისევ კონკურენტუნარიანი ქვეყანა  დარჩეს და “არ შევქმნათ დამატებით ბარიერები ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის”.

“ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგანაც ეს არის ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინდუსტრია. ტურიზმი უნდა იყოს უსაფრთხო ინდუსტრია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის. ჩვენ ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რომელიც ქვეყანამ მიიღო COVID-19-თან ბრძოლით და ამიტომაა საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი.

თქვენ ყველანი კითხულობთ საერთაშორისო გამოცემების შეფასებებს ეს იქნება “ფორბსი” თუ “ვაშინგტონ პოსტი”, სადაც საქართველო დასახელებულია TOP-7, TOP-10 ქვეყნებს შორის, რომელიც მსოფლიო მაშტაბით არის ყველაზე უსაფრთხო.

ჩვენი მისია არის ის, რომ ეს უსაფრთხოების ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ არამედ გავაძლიეროთ. ამიტომ მივყვებით ეტაპობრივად. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკებები. ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედული. ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყნებთან და მთავარი კრიტერიუმი თუ რა პრინციპითაც მივდივართ ეს არის მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა. შესაბამისად ქვეყნებს შორის არსებული მოლაპარაკებების საფუძველზე გაიმიჯნება ყველა ის კრიტერიუმი, თუ როგორ უნდა ჩამოვიდეს საერთაშორისო მოგზაური ჩვენს ქვეყანაში”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.