რუსული ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო იმ ვადების განსაზღვრას სთხოვს, თუ როდის შეძლებს კომპანია საქართველოსთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო კომპენსაციის მიღებას. რუსული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Pobeda Airlines-მა ავიასანქციების შედეგად 500 მილიონამდე რუბლის ზარალი მიიღო. თავად ავიაკომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეჩერებამდე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით Pobeda Airlines-ის გარდა რეისებს Aeroflot-ი, S7, Red Wings-ი, Ural Airlines-ი და Smartavia ასრულებდნენ. S7-ში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიამ 600 მლნ-მდე რუბლის ოდენობით ზარალი ნახა. კომპანია Red Wings-მა კი მინიმუმ 200 მლნ რუბლით იზარალა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა 8 ივნისს შეაჩერა. ავიასანქციები დღესაც ძალაშია.