საქართველოში წმინდა ცეცხლს ტრადიციულად ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლი საქართველოში სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად Georgian Airways-ის რეგულარული სამგზავრო რეისით ჩამოიტანენ.
ირკვევა, რომ Georgian Airways-ის 15 აპრილის რეგულარული ფრენის დროები შეიცვლება და ბორტი თელ ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 19:50 საათზე აფრინდება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 23:20 საათზე ჩამოფრინდება და წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს, რომელიც შემდეგ საქართველოს ყველა ტაძარში გადანაწილდება.
წმინდა ცეცხლის გარდმოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში, იერუსალიმში, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს ხდება. კუვუკლიიდან ცეცხლის გარდამოსვლა გამოხატავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.
ამჟამად, ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის პატრიარქის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელთმსახურნი.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ სასწაულის კვლავ განმეორებას, შემდეგ ათასობით მორწმუნენი ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.