საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.2%-ით შემცირდა. PMCG-ის ინფორმაციით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა.
საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ნოემბერში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.7%-ით შემცირდა.
ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად თბილისში და ქვემო ქართლში შემცირდა. 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში არ დაფიქსირდა.
საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 7.1%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში და შიდა ქართლში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. თბილისში კი აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 4.4% შეადგინა.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა. მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-14.7%) და კახეთში (-13.6%) შემცირდა. თბილისში სასტუმროების ფასების კლებამ 8.9% შეადგინა. 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით სასტუმროების ფასები მხოლოდ სამ რეგიონში გაიზარდა, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში. მათ შორის აჭარაში ყველაზე მეტად-21.8%-ით.