მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელი გრძელდებოდა ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებების ბოლო ფაზა და დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც დღეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ Ryanair-ის შემოსვლით, საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით ასახვას ჰპოვებს.
“ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც მიმდინარე წელს, 3 რეისის დაწყებას ითვალისწინებს. საქართველოში Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს, რადგანაც ყველა მიმართულება, რომელსაც Ryanair-ი იწყებს და მომავალშიც დაამატებს იქნება ევროკავშირის ქვეყნები. ეს იმავდროულად ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა დაუახლოვდება საქართველოს. მე ვუსურვებ ავიაკომპანია Ryanair-ს, ისევე როგორც ყველა სხვა ავიაკომპანიას, ძალიან წარმატებულ მუშაობას და მოღვაწეობას საქართველოში, რამეთუ ეს ჩვენი ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპასთან დაახლოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისთვის კომპანიის სუბსიდირება და ამ ფორმით ბილეთებზე დაბალი ფასის შენარჩუნება, გიორგი ჩოგოვაძე პასუხობს, რომ “სუბსიდირება არ მოხდება”.
“გარკვეული ტიპის მარკეტინგული მხარდაჭერა გათვალისწინებულია და ჩვენი მიზანიც არის ის, რომ ავიაკომპანიამ წარმატებით განახორციელოს ოპერირება, წარმატებით შემოიყვანოს საქართველოში მეტი ტურისტი, რაც ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან დადებითად აისახება”, აცხადებს ჩოგოვაძე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე ოპეირებას იწყებს.
პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.
პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან), ხოლო 3 სიხშირით – კიოლნში (2020 წლის აპრილიდან).