„ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი“, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლებლობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც სამინისტრო ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ამზადებდა.
“ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, იმიტომ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური რეჟიმი, მაგრამ ეს ასევე კომერციულადაც მიმზიდველია კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს. ეს უკვე პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება შემდგომ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა მინისტრმა და აშშ-ში ვიზიტი დაანონსა.
„სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ გვექნება შეხვედრა ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც ვვარაუდობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ მსგავსად Ryanair-თან მოლაპარაკებისა, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის 4 აპრილს დაანონსა.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ავიარეისები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს“, – აცხადებდა პრემიერი.