საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლექსანდრ ბილჩუკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის საავიაციო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოხატავენ საავიაციო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და მონაცემების ურთიერთგაცვლის მზადყოფნას, ასევე, უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების გაცვლას და მეორე მხარის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში (საინსპექციო შემოწმებები, ადგილზე სწავლებები და სხვა) მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერა პარიზში, 8-9 მაისს გამართული ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრის (DGCA/152) ფარგლებში შედგა, სადაც საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ევროკავშირის კანდიდატის არჩევის და ICAO-ს ასამბლეაზე წარსადგენი სხვა საკითხები განიხილეს.