საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი ავიაკომპანია Flynas-ის გენერალურ დირექტორს ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დამატების გზები.

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით, ხოლო რიადიდან ბათუმის მიმართულებით ასრულებს რეისებს.

Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.

საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.