ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერა საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა. აკაკი საღირაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრის მიწვევით „Global Aviation Summit”-ში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციაში შედის ასევე ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.
როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შეთანხმების გაფორმებით, იქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. „შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ, „ღია ცის“ პრინციპებს, შესაბამისად, შეთანხმების მიხედვით, ავიაკომპანიებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტევადობა, ფრენის სიხშირე და დანიშნულების პუნქტები“ – აღნიშნა საღირაშვილმა.
სამიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე პირველ პანელში, მინისტრების სესიაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც განიხილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები როგორც მან განაცხადა, ტრანსპორტის დარგი, მათ შორის სამოქალაქო ავიაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, საავიაციო სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს როგორც საჰაერო ტრანსპორტის, ისე მომიჯნავე სფეროებში.
ამასთან, მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს, რომელიც წლიდან წლამდე დადებითად ისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე. ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციამ და საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ განაპირობა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება, კერძოდ: 2018 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 5.0 მილიონი მგზავრი, რაც 2017 წელთან შედარებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 24%-ით მეტია (4.1 მილიონი მგზავრი).
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს „საქართველოს და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი რეგულაცია/დირექტივების ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ამავე დროს გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
მოხსენებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება. საღირაშვილის თქმით, 2015 წლის 28 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ”ტავ-ურბან საქართველო”-მ სრულიად განახლდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი და შუქ-სასიგნალო სისტემა. 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა ჩამოფრენის ტერმინალი. მუდმივად მზარდი საჰაერო სატრანზიტო გადაფრენების უსაფრთხოდ მომსახურების მიზნით გაფართოვდა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აკაკი საღირაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი ბოლო აუდიტის შედეგები საავიაციო უშიშროების და უსაფრთხოების მიმართულებით. აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. „ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა უსაფრთხოების აუდიტის მონაცემებით. რაც შეეხება საავიაციო უშიშროების მაჩვენებელს, სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვას, ეს ციფრი 89.8% წამოადგენს და 58%-თ არის გაუმჯობესებული 2008 წელს ჩატარებული აუდიტის მონაცემებთან შედარებით“ – განაცხადა საღირაშვილმა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტს სამ აპრილს დაასრულებს.