საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა, ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების განმარტებითვე, რუსულ მხარეს მათთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე არ მოუმართავს.
„შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
საბოლოოდ კი ვნუკოვოს აეროპორტის ტაბლოზე თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.
„ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტაბლოზე ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად“, – განუცხადა RBC-ს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა.
მანამდე ვნუკოვოს ვებგვერდზე, განრიგში გამოჩნდა პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით, გრაფაში „პერიოდი“ აღნიშნული იყო 2023 წლის 18 აპრილი – 2023 წლის 28 ოქტომბერი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო.
საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”.
პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.