მთავარი ავიაკომპანიები საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

290

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 16:30 წუთზე დაეშვება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს.
“დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1 აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM” შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით”,- განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.