საქართველოს ავიაბაზარზე უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo შემოვიდა. აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. პირველი რეისით ჯამში 325-მა მგზავრმა ისარგებლა. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.
უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. 2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით 31 %-ით არის გაზრდილი. 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა.
პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში ინდოეთის ელჩი ნილაქში საჰა სილჰა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია INDIGO, აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს. ივნისში, IndiGo-მ კომპანია AIRBUS 500 ერთეული A320 ტიპის თვითმფრინავი შეუკვეთა, რაც ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი შესყიდვაა.