საქართველო წელს უკვე წარმოდგენილია როგორც პარტნიორი ქვეყანა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით (ონლაინ) გამოფენაზე „ITB Berlin NOW“, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ბუნების დაცვასა და მდგრადობაზე.

2022 წელს საქართველო, როგორც ოფიციალური კულტურული ტურიზმის დანიშნულების ქვეყანა, გამოფენაზე ფართო საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კულტურულ საგანძურს.

2023 წელს კი ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო იქნება ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა!

„საქართველო ქმნის კულტურულ ხიდს ევროპასა და აზიას შორის და იგი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომლის ტურისტული სპექტრი მოგზაურთა სურვილებს მრავალი მიმართულებით აკმაყოფილებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველო ასეთ გრძელვადიან პარტნიორობას გვთავაზობს“, – განაცხადა ITB-ბერლინის ხელმძღვანელმა დავიდ რუეცმა.

ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას 1966 წლიდან წამყვანი როლი უჭირავს მსოფლიო მასშტაბით. გამოფენაზე თავს წარადგენენ ქვეყნები, ქალაქები და რეგიონები, ტურისტული ბიუროები, სასტუმროები და ბევრი სხვა ტურისტული სექტორის წარმომადგენელი.