საქართველო ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. უკვე დაანონსებულია, რომ კანონმდებლობა სიღრმისეულად შეიცვლება. პარლამენტში კანონპროექტზე მსჯელობა და კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
შექმნილია სამუშაო ჯგუფიც, პროცესში ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ის ექსპერტები და ბიზნეს სექტორი.
მოქმედი კანონის ნაკლოვანებებსა და სამომავლო გეგმებზე ბათუმში გამართულ ტურისტულ ფესტივალზე „ტურისტერი“ ისაუბრეს. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბეგაძემ განაცხადა, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ტურისტების დინამიკა და ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება არსებული კანონმდებლობა რეალობას ვერ პასუხობს.
„კანონმდებლობის უმთავრესი მიზანი ტურიზმის მდგრადი განვითარებაა და ეს მიზანი აქვს საქართველოს მთელი მსოფლიოს მსგავსად. თუ ვსაუბრობთ კანონმდებლობასა და გარკვეულ რეგულაციებზე ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. რა თქმა უნდა სხვა გამოწვევებიც გვაქვს, მათ შორის ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
კანონმდებელს მიაჩნია, რომ ტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საუკეთესო იარაღია და საქართველომ უნდა იზრუნოს ტურისტული სერვისების დივერსიფიკაციაზე. „ეს სერიოზული გამოწვევაა და იმის გამო რომ ჩვენ ვერ შევძელით პროდუქტების დივერსიფიკაცია ეკონომიკამ მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა. მიმაჩნია, რომ აჭარაში ყველაზე მეტად შევხვდებით დივერსიფიცირებულ სერვისებს და პროდუქტებს“.
ბრეგაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურებების წილი, რათა მაქსიმალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ და მცირე და საშუალო ბიზნესმა. თუმცა აღნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ოქროს შუალედის დაცვაზე მიათითებს.