საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა 1 წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა 12 ივლისს, ქალაქ ბათუმში. ანგარიშის ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. 
 
ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი აცხადებს: 
“ჩვენ ვიმყოფებით ციფრულ სამყაროში, სადაც ერთი ნიუსი, კამპანია  შეიძლება გლობალური წარმატების ან კატასტროფულად დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქვეყნის რეპუტაციისთვის. გავიხსენოთ მემილიონე ტურისტის კამპანია, რამხელა კომუნიკაცია  გაკეთდა და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ასევე ვნახეთ ტურისტის ცემის ფაქტი, მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა წამებში. მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო და დავგმო ის ძალადობა რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დამაზარალებელი არ არის, ეს არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების გახლეჩის უდიდესი რისკი და მასთან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემეფერხებელი.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ დღეს დაშვებული შეცდომები ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს თაობებს. 
ტურიზმის სფეროსთვის ალბათ ერთ-ერთი მთავარი  კომპონენტი- უსაფრთხოებაა. მე როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი დარწმუნებული ვარ რომ  ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი  სხვადასხვა სამიზნე ბაზრებთან ურთიერთობაში სწორედქვეყნის უსაფრთხოება უნდა იყოს. ბევრი წელი ვცდილობდით შევსულიყავით ევროპის ბაზარზე და ვიდრე ვიზალიბერალიზაციის სიკეთით ვისარგებლებდით, პირველი კითხვა რაც მოდიოდა იყო: რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა”, აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც 1 წელზე მეტია ოპერირებს და დღეისათვის 29 ასოციაციას აერთიანებს ქვეყნის ტურიზმის სფეროს პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დამოუკიდებლად ვერც კერძო სექტორი და ვერც საჯარო სექტორი ვერ შეძლებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე დადებითად  აისახება და ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს. 
“ხშირად ესეთი კრიზისული სიტუაციები უბიძგებს ბიზნეს ახალი მუხტით აღდგეს, გაერთიანდეს  საერთო იდეის გარშემო. მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების დროული და ეფექტური მხარდაჭერა. ამჯერად USAID ის პროგრამებმა დაინახეს ალიანსის იდეაში მდგრადი ორგანიზაციის ელემენტები. 
მე თავად გახლავართ ავიაციის სფეროდან  და შემიძლია გითხრათ რომ აქამდე არ ყოფილა ასეთი სიახლოვე ავიაციასა და ტურიზმს შორის, როდესაც საერთო პრობლემით გავერთიანდით 13 დამფუძნებელი ასოციაცია, ავიაკომუნიკატორი, როგორც საავიაციო ასოციაცია ტურიზმის სფეროს მოწვევით შეუერთდა ალიანსს. ავიაციის სფერომ ნაკლებად ვიცოდით რა ტიპის ასოციაციები არსებობდნენ საქართველოში. ზოგადად ასოციაციების მუშაობის კულტურა არც თუ ისე განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში. არიან ასოციაციები რომლებიც საქართველოს ბაზარზე არსებობენ, აქვთ მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაგრამ ასეთი ფართო მაშტაბით არასოდეს არ ყოფილა წარმოდგენილი ინტერსექტორალური თანამშრომლობა.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი წარმოადგენს ასოციაციების გაერთიანებას. თავდაპირველად გაერთიანდა 13 ასოციაცია და შემდეგ უკვე შემოუერთდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და დღეისთვის ალიანსს  29 წევრი ორგანიზაცია ჰყავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში ერთიანობას. ძალიან რთულია საერთო კონსენსუსამდე მისვლა და მის ირგვლივ გაერთიანება. ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე ყველას უნდა პირველობა, იკვეთება ინტერესები. 2020 წლის აპრილში დავიწყეთ გაერთიანება, მაისში უკვე პირველი საჯარო დიალოგი შედგა საჯარო სექტორთან, მთელი აქცენტი კერძო და საჯარო პარტნიორობაზე გაკეთდა. დამოუკიდებლად ვერც კერძო სექტორი და ვერც საჯარო სექტორი ვერ შეძლებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე დადებითად  აისახება. ტურიზმი განსაკუთრებით ეკონომიკის ის სფეროა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწყო განვითარება. ვიტყოდი ძალიან სწრაფი განვითარება. და სწრაფი განვითარების დროს ბევრი ხარვეზიც არსებობს. ხარვეზი ამ შემთხვევაში ის არის, რომ კანონი რომელიც არეგულირებს ტურიზმისა და კურორტების საქმიანობას 1997 წელს იქნა მიღებული და შემდეგ მასში ძალიან მცირე ცვლილებებია შესული – ჩარჩო კანონი, რომელიც ამბობს რომელმა ორგანომ და ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ ტურიზმის პოლიტიკის  მართვა,  რა რეგულაციებით, რა პირობებით, როგორ უნდა იქნეს დაცული კერძო სექტორის უფლებები, რა ბერკეტებით  უნდა იქნეს დაცული ვიზიტორების/მგზავრების უფლებები. 1997 წლის შემდეგ ქვეყანაში მრავალი რეფორმა განხორციელდა და კანონი საჭიროებს ცვლილებებს”, აცხადებს თამუნა თანდაშვილი.