საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს. მსოფლიოში ერთადერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე ტურისტული კომპანია ესწრება.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის უმსხვილეს ტუროპერატორებთან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
“პარიზის ტურისტულ გამოფენაზე 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, იხილონ პრეზენტაციები პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
IFTM Top Resa-ს ფარგლებში გამოფენის მონაწილეები საქართველოს სტენდთან ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელი კურორტების, სათავგადასავლო, კულტურული, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით.
„ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებები იმართება. ვფიქრობ პირდაპირი ავიარეისები უფრო მეტად სტიმულაციას მიცემს როგორც ბიზნეს მოგზაურებს, ასევე ტურისტებს“, -ამბობს IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე.
„ქართული ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია IFTM Top Resa-ს გამოფენაში მონაწილეობა. ფრანგ მოგზაურებს დიდი ინტერესი აქვთ სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის კუთხით. ჩვენი კომპანია მრავალი წელია ორიენტირებულია ფრანგ ტურისტებზე. ყოველ წელს იზრდება ინტერესი. ვფიქრობ მეტი ტურისტი ეწვევა საფრანგეთიდან საქართველოს“,-აცხადებს ტურისტული კომპანია “პრომეთეა ვოიაჟერის” დამფუძნებელი შორენა ნინიაშვილი.

პარიზის ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa 50 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს.