დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. პროფესიული დღის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის საქმიანობას შეაჯამა და 2020 წლის წლის სამოქმედო გეგმაც წარადგინა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აცხადებს, მიმდინარე წელს ქვეყანას საავიაციო კუთხით საკმაოდ ბევრი მიღწევა ქონდა.
„ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების და ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელს, სააგენტომ შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ორი ახალი წესი მიიღო. „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ მიზანს ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დადგენა და მონიტორინგი წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში სააგენტომ ავიასამედიცინო ექსპერტის პირველი სერტიფიკატები წელს გასცა და მომავალ წელს ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებას განახორციელებს. 2020 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს. რეგულაციის მოთხოვნების გათვალიწინებით, სააგენტო „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას მომავალ წელს განახორციელებს, რაც სააერნაოსნო მომსახურებების და ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს”, აცხადებს ლევან კარანაძე.
მისივე განმარტებით, ქართულ ავიაკომპანიებზე ზედამხედველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლიდან გამკაცრდა „ეკიპაჟიანი (სველი) იჯარით“ საჰაერო ხომალდების სხვა სახელწიფოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის გადაცემის პირობები. ასევე ქართული ავიაკომპანიებისთვის აიკრძალა იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაში ჩართვა, რომლებიც იმყოფებიან საეჭვო საავიაციო უსაფრთხოების მქონე უცხოური ავიაკომპანიების ოპერირების ქვეშ (ევროკავშირის ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი ავიაკომპანიები). ამასთან, გამკაცრდა სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ავიასპეციალისტების მოწმობის აღიარების პირობები და მოხდა სერტიფიცირების მოთხოვნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება;
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების და რადიოკავშირის დროს წამოჭრილი შესაძლო გაუგებრობების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საავიაციო რადიოკავშირის და სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენების წესი;
2019 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული და ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა შემდეგ ავიაკომპანიებს მიენიჭა: Ryanair, Air France, Air Malta, Uzbekistan airways, SmartLynx, Onur Air, GetJet Airlines, Armenia, Thai AirAsia X;
შიდა ფრენების სტიმულირების მიზნით, სააგენტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო. სპეციალისტების ჯგუფმა 2019 წლის ივნისიდან დაიწყო მუშაობა და მათ მიერ ქვეყნის მასშტაბით უკვე შეირჩა სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით. საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი ყველა წერტილის შესახებ მზადდება დეტალური დასკვნა და ელექტრონული რუკა, რომელიც წარედგინება მთავრობას”, აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი.
2019 წელს პირველად, ტურისტულ ზონაში ავიასაწვავ-გასამართი საწარმო დასერტიფიცირდა. ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოთში, ადგილზე, სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხდება მცირე ზომის საჰაერო ხომალდების საწვავით მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერატორების მოქნილობას.
- სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ე.წ. მცირე ავიაციის რეგულირების და სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით. დამტკიცდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი, რომლის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მგზავრთა უფლებების დაცვა ოპერატორებისთვის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნების დადგენის გზით. ფრენების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოთხოვნები დაწესდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობაზეც („ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესი“)
პარაპლანების ფრენების მოწესრიგების მიზნით ცვლილებები შევიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებში. დადგინდა ოპერირების მოთხოვნები და შეზღუდვები;
- საავიაციო სფეროში ქვეყნის იმიჯის განმტკიცების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქართული ავიაციისთვის. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეთანხმებები გააფორმა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA) და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (EUROCONTROL). თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევით პროგრამასთან (SESAR), საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (IATA), გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოსთან (BAF), უკრაინისა და სომხეთის საავიაციო ხელისუფლებებთან;
წელს პირველად, საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს ICAO-ს ასამბლეის და EUROCONTROL-ის მმართველის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ასევე არჩეულ იქნა ICAO-ს რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის და საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ.