მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 952-ით მეტი რეისი განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 10 720, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 304, ხოლო ჩარტერების 1 416. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 22.26%-ს შეადგენს. სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები ხორციელდება კვირაში დაახლოებით 540-550 სიხშირით. 2017 წლის ზაფხულის სეზონზე – პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, ფრენები სრულდებოდა კვირაში დაახლოებით 470 სიხშირით.
10.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ექვს თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 65 992, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 73 207 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ, EUROCONTROL-ის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელი მეორე კვარტალისთვის ჯამურად 6.7%-ს შეადგენდა.