საქართველოს საჰაერო სივრცეში COVID-19-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) NOTAM-ი (G0015/21 NOTAMN) გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამონაკლისის სტატუსის მისაღებად ვაქცინის ტრანსპორტიორმა საქართველოს ცით სარგებლობისთვის სპეციალური ნებართვის მისაღებად სააგენტოს უნდა მიმართოს. ნებართვის მიღების შემდეგ კი ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში სპეციალური კოდი – “STS/ATFMX RMK/VACCINE” უნდა მიუთითოს, რომელიც EUROCONTROL-ის მიერ COVID-ვაქცინების ტრანსპორტირების ხელშეწყობისთვის იქნა შემუშავებული.
ხოლო ავიაკომპანიას, რომელიც ვაქცინის გადაზიდვას რეგულარულად ახდენს, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია GCAA-ს ერთჯერადად, ყველა ფრენის წინ მიმართოს.
“COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხოდ და სწრაფი გადაზიდვის ხელშეწყობის მიზნით, ავიაკომპანიამ, რომელიც აწარმოებს ვაქცინის ტრანსპორტირებას და აღნიშნული გადაზიდვა შეფასებულია როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოში ან/და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების (ATFM) გამონაკლისის სტატუსის მისაღებად. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან თანხმობის შემდეგ, ავიაკომპანია ვალდებულია ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში მიუთითოს STS/ATFMX და RMK/VACCINE. ავიაკომპანიას, რომელიც რეგულარულად ასრულებს ვაქცინის გადაზიდვას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ, ერთჯერადად ყველა ფრენისთვისვის”, აღნიშნულია GCAA-ს ვებ-გვერდზე, აქტიური NOTAM-ების განყოფილებაში.
NOTAM-ი აქტიურია 2021 წლის 29 იანვრიდან და მოქმედებს 2021 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ რეისებს, რომლებიც “STS/ATFMX RMK/VACCINE” კოდით ისარგებლებენ, შესაბამისი სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს.
EUROCONTROL-ის ცნობით, ცალკეული ვაქცინებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიწოდების შეფერხების თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ წევრ სახელმწიფოებს ასეთი ფრენების პრიორიტეტიზაციისკენ მოუწოდა. ახალი კოდის გამოყენება რეგიონის ქვეყნებისთვის 28 იანვრიდანაა შესაძლებელი.