საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მზარდია. როგორც AviaNews-ის მიერ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4,771 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 75%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებულ ტვირთბრუნვასთან. გასული წლის პირველ ორ თვეში აეროპორტი 2,729 ტონა ტვირთს მოემსახურა. პანდემიამდელ პერიოდში, ანუ 2019 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტვირთბრუნვამ 3,351 ტონა შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით ტვირთბრუნვა 42%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემები არ მოიცავს საფოსტო გადაზიდვებსა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.