საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia გეგმავს შემოსვლას. ავიაკომპანიასა და საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და ამიერიდან Aero Georgia Group-ი საქართველოში RAF-Avia-ს ოფიციალური წარმომადგენელია.
“RAF-Avia-თან დიდი ხანია გვაქვს მოლაპარაკებები. ავიაკომპანიას აქვს როგორც სამგზავრო ასევე კარგო მიმართულება. თუმცა ბოლო წლებია უფრო საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე არიან ორიენტირებულნი. RAF-Avia-ს ავიაპარკში ჰყავს სამი ბორტი: Saab 340, ATR 72 და AN26.
აღსანიშნავია, რომ ამ ბორტებს საშუალოდ 8 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლიათ, რაც მართალია ეს მცირე რაოდენობაა, მაგრამ არის ის რაც საქართველოს ბაზარს ამ ეტაპისთვის სჭირდება.
ძირითადად საქართველოში ტვირთი შემოდიოდა სამგზავრო თვითმფრინავების მეშვეობით, სადაც ტვირთის მოცულობა შესაძლოა ყოფილიყო 2 ტონა. ფრენების გაჩერების შემდეგ კი ეს სეგმენტი გაჩერდა. რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად ამ გზით ტვირთების ტრანსპორტირების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ჩვენს მეწარმეებსა თუ სხვა კერძო სუბიექტებს საქართველოში ერთდროულად 5 ტონამდე ტვირთის ჩამოტანა უჭირთ. კი საქართველოში გვყავს საჰაერო სატვირთო ავიაკომპანიები, მაგრამ მათ დიდი ბორტები ჰყავთ და სხვა მასშტაბებზე არიან გათვლილი. თუმცა ისეთი ბორტები, რომლებიც BELLY CARGO ჩაანაცვლებს არ გვყავს”, აცხადებს AviaNews-თან საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური.
აფციაური ამბობს, რომ RAF-Avia-ს საფასო პოლიტიკა იქნება საკმაოდ მოქნილი და კონკურენტუნარიანი.
“შევისწავლეთ ბაზარი და ყველანაირად ისე დავითვალეთ ბორტის ოპერირების ხარჯები, რომ ზუსტად დავსვათ ისეთი ტარიფები, რომელიც მისაღები იქნება ქართველი მწარმოებლებისთვის თუ სხვადასხვა სუბიექტებისთვის. ჩვენ ტარიფით გავუწევთ კონკურენციას სხვა მოთამაშეებს, ვინც მცირე რაოდენობის ტვირთების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული”, განმარტავს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი.
უკვე ცნობილია, რომ RAF-Avia საწყის ეტაპზე ერთჯერად ჩარტერებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ მრავალჯერად ჩარტერებსაც განახორციელებს. Aero Georgia Group-ში ამბობენ, რომ დაკვეთების შემთხვევაში კომპანია ეცდება, რომ ავიაკომპანია ბორტის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებაში დაარწმუნოს.
რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვების არეალს, RAF-Avia-ს ევროპაში ოპერირების ნებართვა აქვს და ასევე ფლობს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში ოპერირების ლიზენზიასაც.
თუმცა, როგორც Aero Georgia Group-ში განმარტავენ, ევროპისა და აზიის მიმართულებებს გარდა მათ ინტერესში ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის ათვისებაცაა.
“შეგვიძლია ფრენების განხორციელება ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით. გვინდა, რომ განვავითაროთ ეს მიმართულება და ტვირთები თბილისის გავლით გადავიტანოთ ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით”, აცხადებს იგორ აფციაური.
RAF-Avia ეს არის ლატვიური ავიაკომპანია, რომელიც რიგის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. RAF-Avia ემსახურება ისეთი მსხვილი კომპანიების ტვირთებს, როგორებიცაა TNT, DHL და სხვა. RAF-Avia ახორციელებს ასევე ჩარტერულ სამგზავრო გადაყვანებს.