ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Pobeda Airlines-თვის რუსეთის რიგი ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს. უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისს გაფორმებული ტექნიკური შეხვედრის ოქმის საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის ე.წ. “სამკუთხედის სქემით” ფრენების განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სქემაში არ ფიგურირებს ქალაქები – თბილისი და მოსკოვი.

„ვინაიდან “Pobeda Airlines”-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, ე.წ. “სამკუთხედის სქემაში” ფიგურირებდა ქალაქი თბილისი, ზემოთ აღნიშნული ოქმის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ, ავიაკომპანიაზე არ იქნა გაცემული რეგულარული ფრენების ნებართვა შემდეგ საჰაერო ხაზებზე: სანკტ პეტერბურგი-თბილისი-პერმი-თბილისი-სანკტ პეტერბურგი, სანკტ პეტერბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი-თბილისი-სანკტ პეტერბურგი, სანკტ პეტერბურგი-თბილისი-ყაზანი-თბილისი-სანკტ პეტერბურგი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ოქმით გათვალიწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, “Pobeda Airlines”-ს  როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე რეგურალური ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განიხილოს და დააკმაყოფილოს “Pobeda Airlines”-ის მომართვა, იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიის განაცხადი შესაბამისობაში იქნება, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ტექნიკური შეხვედრის ოქმით გათვალისწინებულ პირობებთან”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, Pobeda Airlines-ი სანკტ-პეტერბურგიდანყაზანიდანეკატერინბურგიდან და პერმიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ვეღარ განახორციელებს. ამ ეტაპზე საუბარია რეისების 1-ელ ნოემბრამდე შეჩერებაზე. აღნიშნულის მიზეზად კი Pobeda Airlines-თვის საქართველოს საავიაციო ხელისუფლებიდან ფრენებზე უარი სახელდება. ავიაკომპანიამ თბილისის აეროპორტთან სლოტების შეთანხმების შემდეგ საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო. ამ დროისათვის ჯავშანი გაკეთებულია 17 ათასზე მეტ ბილეთზე.

იმავდროულად კი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებიდან, თბილისიდან რუსეთის იმ რეგიონების მიმართულებით, სადაც Pobeda Airlines-ი არ იყო დაშვებული, ფრენების უფლება მიიღო.

Pobeda Airlines-ში განმარტავენ, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო კლიენტების გაფრთხილების პროცედურა  და თანხების უკან სრულად დაბრუნება.

პერმიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 29 ოქტომბერს იყო დანიშნული.

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული რეისები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა და 2014 წლის სექტემბრიდან განახლდა.

ორ ქვეყანას შორის სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: Georgian Airways-იAeroflot-ი, Pebeda, S7 Airlines-ი, Ural Airways-ი  და Nordavia-Regional Airlines-ი.