ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების მსგავსად, მგზავრთა კომპენსაციის წესის ცვლილებაზე მუშაობს, რაც თავის მხრივ COVID-19-ს პანდემიის გავრცელებამ და მსოფლიოს საავიაციო კრიზისმა განაპირობა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდე გაჩეჩილაძე განმარტავს, ახალი წესის მიხედვით, ავიაკომპანიას პანდემიის გამო გაუქმებული ფრენისთვის კომპენსაციის გადახდა აღარ დაევალდებულება. ავიაკომპანია ვალდებული იქნება მგზავრს მხოლოდ თარიღის შეცვლა ან ბილეთის ფასის დაბრუნება შესთავაზოს, ისიც განსაზღვრული დროის შემდეგ. 

“ამ რეგულაციაზე მუშაობს არამხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, არამედ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. ასევე ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციიდან თხოვნა, რომ განგვეხილა ეს საკითხი.

მოგეხსენებათ რომ უმძიმესი დარტყმის წინაშე აღმოჩნდა საავიაციო სექტორი. ბევრი ავიაკომპანია გაკოტრების წინაშე დადგა და ბუნებრივია სათუო გახდა მათ მიერ მგზავრის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხიც.

ეს ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ ავიაკომპანიები განთავისუფლდებიან კომპენსაციის გადახდის ვალდებულებებისაგან იმ გაუქმებულ ფრენებზე, რომელთა გაუქმებაც მოხდა COVID-19-ს-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ ფრენების აკრძალვის გამო. 

ცვლილებების შესაბამისად მგზვრს საშუალება ექნება მოითხოვოს მგზავრობის თარიღის შეცვლა საკუთარი სურვილის მიხედვით, ან მოსთხოვოს ავიაკომპანიას გამოუყენებელი ბილეთის ფასის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების განახლებიდან 2 თვის შედეგ. 

უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით გაუქმებულ ფრენაზე ავიაკომპანია ვალდებული იყო შეეთავაზებინა თარიღის შეცვლა, ან დაებრუნებინა ბილეთის ფული და დამატებით გადაეხადა კომპენსაცია, ცვლილებების შემდეგ ავიაკომპანიას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ექნება. უბრალოდ მათ თანხის დაბრუნება შეეძლებათ საქართველოს მიერ ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ. ეს კეთდება იმისთვის, რომ გარკვეული ლიკვიდურობა შეინარჩუნონ ავიაკომპანიებმა და მას შემდეგ რაც რეგულარული ფრენები გაიხსნება და გარკვეული თანხების შემოდინება მოხდება ავიაკომპანიებში მერე უზრუნველყონ ამ თანხების გაცემა”, განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას.