მიმდინარე წლის 16 ივნისიდან, ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR მასკატი – თბილისი – მასკატის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში 2 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:
· მასკატი – თბილისი – მასკატი, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა. რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.