მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს.
ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი – თბილისი – ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს, 30 ივლისს მიენიჭა.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, მიმართავენ მგზავრებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.