​საქართველოს მთავრობა მიზნობრივი ავიარეისების დასუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ახალ გახსნილი ავიარეისები, გარკვეული პერიოდით ფინანსდება. 

“ჩვენ “ღია ცის პოლიტიკას” ყველანაირად ხორცს ვძენთ ჩვენი გადაწყვეტილებებით. მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რამდენი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენი ცა გახსნილი და კონკურენტული იყოს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ტურიზმისთვის, არამედ სოციალური მიმართულებითაც. ჩვენ შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air-მა პრაქტიკულად  გაასამმაგა პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით, შემოვიყვანეთ Ryanair​-ი. ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს.

ტურიზმი მიუხედავად არსებული გამოწვევებისა ვითარდება. ეს ასევე საშუალებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ შედარებით დაბალ ფასად შეიძინონ ავიაბილეთები და იმგზავრონ ტურისტული, დასვენების, ნათესავების მონახულების, სამედიცინო მიზნით თუ რა მიზნითაც დასჭირდებათ – მარტივად, იაფად შეიძინონ ბილეთები.

რაც შეეხება ჩვენს ხელშეწყობას, ეს არის ის რეგულაციები, რაც ჩვენ დავაწესეთ და კვლავაც ვაგრძელებთ, რომ განვავითაროთ. რაც უფრო უადვილებს სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიას შემოაღწიოს ჩვენს ბაზარზე. ჩვენ გავხსენით ბაზარი, ჩვენ უარი ვთქვით ყოველგვარ პროტექციონიზმზე. ეს არის ღია კონკურენტული ბაზარი.

რაც შეეხება კონკრეტულ სუბსიდირებას, ეს არის ე.წ. მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელიც არ ხორციელდება ბიუჯეტიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გარკვეულ რესურსს ახმარს, განსაკუთრებით ახალ გახსნილ რეისებს, გარკვეული დროით. რაც არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. 

თუ მომავალშიც იქნება ამ პრაქტიკის გავრცელება საჭირო, რათა მეტი სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას და უფრო მეტად შევძლოთ, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფრენები, ჩვენ ამას გავაგრძელებთ”, განაცხადა ნათია თურნავამ.