საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე დამუშავებული აქვს გეგმა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც გეგმა მთავრობის სხდომაზე იქნება დამტკიცებული.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი ეს არის მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდეგ მთავრობის სხდომაზე იქნება დამტკიცებული.
ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.