საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად Georgian Airways-ი უახლოეს დღეებში ჩარტერულ ავიარეისებს ამსტერდამიდან და ბერლინიდან განახორციელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკვე შეთანხმებულია, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ორი ჩარტერული ავიარეისით ამსტერდამიდან და ერთი ბერლინიდან მოხდება.

„იმ რესურსით, რომელიც გაგვაჩნია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ამ მძიმე სიტუაციაში ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა და რაც შეიძლება დავეხმაროთ გამოწვევასთან გამკლავებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ესაა შეზღუდვები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება გადაადგილებასთან დაკავშირებით და ფრენებთან მიმართებაში. როგორც უკვე გამოცხადებულია, უახლოეს დღეებში განხორციელდება ჩარტერული რეისები. ამსტერდამიდან ორი რეისი და ერთი რეისი ბერლინიდან. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ავიაკომპანია Georgian Airways-თან და მოვახდენთ სხვა მიმართულებებითაც ფრენებს. ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, მათაც ეტაპობრივად,  არსებული რესურსის ფარგლებში, რაც ხელისუფლებას და ქვეყანას გააჩნია, მოვახდენთ მათ გამოყვანას ამ ქალაქებიდანაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.