ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც ახლა ევროპაში იმყოფება, დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს და კორონავირუსთან გამკლავების სტრატეგია სწორედ ეფექტურ პრევენციაზე დამოკიდებული, რაც საქართველოს მთავრობას კარგად გამოსდის.

მისივე განცხადებით, პრევენციის ძალიან დიდი ნაწილია, ორგანიზებულად მოხერხდეს ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ აქ შესაბამისი პირბები დახვდეთ – იქნება ეს კარანტი, თვითიზოლაცია, რომ სხვა სახის ადეკვატური პირობები, რაზეც ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაცია იქნება.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და პრაქტიკულად, შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა, ზოგიერთი წყდება უახლოეს 1-2 დღეში. ფრენების განხორციელება მოხდება მხოლოდ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ის მეშვეობით. წინასწარ განვსაზღვრეთ ის ჰაბები და ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინფორმაციას ამის შესახებ სრილად ფლობენ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები, რომლების მუდმივ კომუნიკაციაში არის ჩვენს მოქალაქეებთან.

„შესაბამისად, მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომ მათ დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და საქართველოში მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება. პირველ ეტაპზე განვსაზღვრეთ რამდენიმე ქალაქი, რომელსაც შესაძლოა შემდგომში სხვა ქალაქებიც დაემატოს. ამ ეტაპზე ეს არის – ბერლინი, ამსტერსადმი და პარიზი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დავამატებთ სხვა მიმართულებებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.