კანადის ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო მოძრაობის მართვის რიგით მეთოთხმეტე კონფერენციაში საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე და სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჭეიშვილი.
საჰაერო მოძრაობის მართვის კონფერენციას, რომელიც ოფიციალურად 6 სექტემბერს დასრულდება, მსოფლიოს 93 ქვეყნის 750-მდე დელეგატი ესწრება. წლევანდელი ღონისძიება საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკის ფონზე საავიაციო სისტემის სტაბილური განვითარების და ეფეტურობის გაუმჯობესების თემატიკას ეძღვნება.
ღონისძიების გახსნით სესიებზე განხილულ იქნა სამოქალაქო საავიაციო დარგისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ICAO-ს, წევრი სახელმწიფოებისა და ინდუსტრიის წინაშე მდგარ გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებზე და სწრაფი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობაზე. ფორუმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები დასამტკიცებლად წარედგინება საბჭოს და საჭიროების შემთხვევაში განხილული იქნება ICAO-ს ასამბლეაზე 2025 წელს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ICAO-ს გენერალურ მდივან ხუან კარლოს სალაზართან და საბჭოს პრეზიდენტ სალვატორე შაკიტანოსთან. შეხვედრებზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღებული მაღალი შედეგები ICAO-ს 2024 წლის საავიაციო უშიშროების აუდიტის ფარგლებში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ზედამხედველობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინამორბედ აუდიტთან შედარებით და 89.75%-ი შეადგენს, რითაც ქვეყანა მოწინავე ადგილს იკავებს რეგიონში. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, აღინიშნა ICAO-ს პროგრამებში და სამუშაო ჯგუფებში სააგენტოს წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა. პოზიტიური შეფასება მიეცა უწყების საქმიანობას რეგიონის ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
შეხვედრებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ICAO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ შორის, გაიზიარეს საქართველოს პოზიცია სოხუმის ე.წ. აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ.
საჰაერო მოძრაობის მართვის კონფერენციის მიმდინარეობისას, საქართველოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრები პარტნიორი სააავიაციო უწყებების, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.