ავიაციის სექტორში COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისი და საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით არსებული ტენდენციები განიხილეს დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლევან კარანაძემ და ამავე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა. მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საქართველოს, ისე ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები.

საუბარი ასევე შეეხო ავიაციაზე COVID 19-ის უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს და ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოების ერთობლივ აქტივობებს.

როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ევროპის რეგიონი 2019 წლის საჰაერო მოძრაობის მაჩვენებლებს 2023 წელს მიუახლოვდება, ხოლო 2024 წელს გადაუსწრებს. აღნიშნული იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ვაქცინა გლობალურად 2021 წელს ჩაეშვება მიმოქცევაში. ამავე სცენარის პირობებში, საქართველო გასული წლის მაჩვენებლებს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებს. გლობალურად, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2022 წელს მიღების შემთხვევაში, გასული წლის მაჩვენებლებთან მიახლოვებას ქვეყანა 2023 წელს შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა არაეფექტური აღმოჩნდება, საჰაერო მოძრაობის 2019 წლის მაჩვენებლებს როგორც საქართველო, ისე ევროპის რეგიონი 2024 წელსაც ვერ დაუბრუნდება.

ვიდეოშეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღით გამოწვეულ უარყოფით ფაქტორებზე, რამაც გლობალურად ახალი სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების დაწესება და შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შეფერხება გამოიწვია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ევროკონტროლის პირველ პირს გააცნო საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებული ვითარება, ფრენების განახლების კუთხით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ასევე სააგენტოს, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გაწეული სამუშაოები ოპერირების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლის კუთხით.

იმონ ბრენანმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებისთვის. საქართველომ EUROCONTROL-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის აპრილში დაუჭირა მხარი. ავიაკომპანიებს მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი შემდეგი სქემით გადაუვადდათ: მიმდინარე წლის თებერვლის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2020 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის მარტის – 2021 წლის თებერვალში, მიმდინარე წლის აპრილის – 2021 წლის მაისში, ხოლო მიმდინარე წლის მაისის – 2021 წლის აგვისტოში.