ამ დროისათვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ავიაკომპანიები თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი და უნგრული “ლოუქსოტერი” Wizz Air-ია.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 407791 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ Turkish Airlines-ს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 12%-ი უკავია. გადაყვანილი მგზავრთნაკადით ასევე ლიდერ პოზიციაზეა Wizz Air-ი, რომელიც Turkish Airlines-თან ერთად პირველ ადგილს იყოფს და ასევე ბაზრის 12%-ის მფლობელია. 9 თვეში ავიაკომპანია 403876 მგზავრს მოემსახურა.
იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მეორე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 292116 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა შორისაა და “საუკეთესო ხუთეულში” მესამე ადგილს 6%-იანი წილით ბელარუსის ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც საანგარიშო პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე 189550 მგზავრს მოემსახურა. ბაზრის 5-5%-ის მფლობელები და შესაბამისად მეოთხე ადგილზე არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai, აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.
9 თვის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით მეხუთე პოზიციაზე არიან და საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილს ფლობენ საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი და ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი.
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ ყაზახეთის ავიაკომპანია FlyArystan-ი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia და ისრაელის ავიაკომპანია EL AL.
ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Aircompany Armenia, Qatar Airways, Arkia, Air Astana და LOT Polish Airlines-ი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, ხოლო დარჩენილ 3%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.