ამ დროისათვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისში რეგულარული და ჩარტერული ავიარეისებით Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 288 808 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ Turkish Airlines-ს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 13%-ი უკავია. გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც 7 თვეში 279663 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 12%-ით დაიმსახურა.
იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მესამე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 206512 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა შორისაა და “საუკეთესო ხუთეულში” მეოთხე ადგილს 6%-იანი წილით ბელორუსის ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც საანგარიშო პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე 136155 მგზავრს მოემსახურა. ბაზრის 5-5%-ის მფლობელები და შესაბამისად მეხუთე ადგილზე არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.
7 თვის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილს ფლობენ აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი, საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი და ყაზახეთის ავიაკომპანია FlyArystan-ი.
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia, ისრაელის ავიაკომპანია EL AL და პოლონური ავიაგადამყვანი LOT Polish Airlines-ი.
ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Aircompany Armenia, Qatar Airways, Air Astana და Wizz Air Abu Dhabi.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, ხოლო დარჩენილ 3%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.