საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Wizz Air-ია. “ლოუკოსტერმა” საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის სტატუსი, პირველად, 2018 წლის მაჩვენებლებით მოიპოვა და 2019 წელსაც 16%-იანი მონაგარით ტიტული შეინარჩუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს საქართველოს აეროპორტებში რეგულარული და მრავალჯერადი რეისებით, ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომაპანია Wizz Air-ი მოემსახურა და რომელმაც საანგარიშო პერიოდში 825 ათას 290 მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს საქართველოს ავიაბაზარზე Wizz Air-მა პოზიციები 4%-ით გაიმყარა და ერთ წელიწადში ბაზრის 12%-დან 16%-ზე ავიდა. 

2017 წლის მაჩვენებლებით კი, გადაყვანილი Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზრის 8%-ს ფლობდა და მესამე ადგილზე იყო.​

2019 წლის საქართველოს ავიაბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა თურქული ავიაკომპანია  Turkish Airlines-ია, რომლის ბაზრის 11%-ის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ბაზრის წილი 2019 წელსაც სტაბილურად შეინარჩუნა, რადგანაც 2018 წლის მაჩვენებლებითაც  Turkish Airlines-ი 11%-ის მფლობელი იყო. 2017 წლის მაჩვენებლებით, Turkish Airlines-ი ბაზრის 12%-ს ფლობდა.

რეიტინგში მესამე ადგილზეა და 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ბაზრის 1%-ი დაუკარგავს ავიაკომპანია ​​​Georgian Airways-ს, თუმცა რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების შემდეგ Georgian Airways-ის მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით საზოგადოებაში მეტი კლების მოლოდინი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანიამ, საკუთარი გადაწყვეტილებით, რიგ მიმართულებებზე ოპერირება დროებით შეაჩერა. გამოდის, რომ რუსულმა ემბარგომ Georgian Airways-ს მხოლოდ 1%-ი აზარალა. თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ ემბარგო ძალაში 2018 წლის 8 ივლისიდან შევიდა და ავიაკომპანიის მგზავრთნაკადიც მხოლოდ ამ პერიოდიდან შემცირდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Georgian Airways-ი 2019 წელს 500 ათას 482 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად ბაზრის 10%-ის მფლობელიც გახდა. 2018 წელს კი მისი მაჩვენებელი 11%-ი იყო, ხოლო 2017 წელს 10%-ის. რაოდენობრივად კი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით Georgian Airways-ს დაახლოებით 50 ათასი მგზავრი დააკლდა. 

2019 წლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილზე, ბაზრის 4%-იანი წილით რამდენიმე კომპანიაა – Pegasus Airlines-ი, Ukraine International Airlines-ი (FlyUIA), Fly Dubai, Ural Airlines-ი და Pobeda Airlines-ი.

საქართველოს ავიაბაზარის 3-3%-იან წილს ფლობენ Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Qatar Airways-ი, Air Arabia, Belavia და SkyUp Airlines-ი.

2-2%-ს კი ფლობენ: Aeroflot-ი, Air Astana, EL AL Israel Airlines-ი, Israir Airlines-ი, S7, Lufthansa, LOT Polish Airlines-ი და Qeshm Airlines-ი.

2018 წლის მაჩვენებლებით, რეგულარული და მრავალჯერადი რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 89%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 11%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის.

საგულისხმოა, რომ 2019 წლის მაჩვენებლებით ეროვნული ავიაგადამზიდავების წილი 1%-ითაა შემცირებული, თუმცა აღნიშნული ციფრი გარდა Georgian Airways-ისა ავიაკომპანია MyWay Airlines-ის მიერ ნებით თუ იძულებით ავიარეისების შეჩერებასაც უკავშირდება. 

ცნობისათვის, ეროვნულ ავიაკომპანიებს შორისაა ასევე ავიაკომპანია Ak-Air Georgia, რომელიც მხოლოდ შიდა რეისებზეა ორიენტირებული. 2019 წელს Ak-Air Georgia შიდა რეისებზე 22760 მგზავრს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 5 მლნ 112 ათას 032 მგზავრი შეადგინა.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ საერთო მგზავრთნაკადის ცვლილების ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.