საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Turkish Airlines-ია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს Turkish Airlines-ი მოემსახურა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს Turkish Airlines-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით 274 ათას 404 მგზავრი გადაიყვანა.
2021 წლის რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, Turkish Airlines-ის წილი 11 %-ია. ამ მონაცემებით კი ავიაკომპანიამ პანდემიამდე (2019 წელი) არსებული მაჩვენებლების (11%) შენარჩუნება შეძლო. თუმცა 2019 წელს Turkish Airlines-ი ბაზრის ლიდერ TOP-ავიაკომპანიებს შორის მეორე პოზიციაზე იყო. 2020 წელსაც Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზე იყო და ბაზრის 11.6%-ი ეკავა. ეს კი იმას მოწმობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ ბაზრის 0.6%-ი დაკარგა.
2021 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილს რამდენიმე ავიაკომპანია იყოფს. 2021 წლის მონაცემებით ბაზრის 8-8%-იან წილს ფლობენ Wizz Air-ი, SkyUp Airlines-ი, Pegasus Airlines-ი და Belavia.
თუ კი აღნიშნული კომპანიების წილობრივ მაჩვენებლებს ბოლო სამი წლის ჭრილში გადავხედავთ ნათელია, რომ Wizz Air-მა 2021 წელს პროცენტულ ჭრილში პოზიციები მნიშვნელოვნად დაკარგა, რადგანაც უნგრული “ლოუქოსტერი” 2020 წელს საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 23.1%-ს მოემსახურა, 2019 წელს კი 16%-ს.
რაც შეეხება უკრაინულ “ლოუქოსტერს” SkyUp Airlines-ს, ის 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში საერთო მგზავრთნაკადის 4,6%-ს, ხოლო 2019 წელს 3%-ს მოემსახურა.
Pegasus Airlines-ი 2020 წელს საქართველოს ავიაბაზრის 4,5%-ის მფლობელი იყო, 2019 წელს კი 4%-ის.
ბელორუსულო Belavia კი 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის 5.4%-ს, ხოლო 2019 წელს 3%-ს მოემსახურა.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგში მესამე ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai, რომელიც 2021 წლის მონაცემებით ბაზრის 4%-ის მფლობელია. 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით flydubai ბაზრის 4,3%-ის მფლობელი იყო, 2019 წელს კი 4%-ის.
2021 წლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილზე, ბაზრის 3-3%-იანი წილით რამდენიმე კომპანიაა – Georgian Airways-ი, Air Arabia, Azerbaijan Airlines-ი (AZAL), FlyArystan-ი, LOT Polish Airlines-ი, Bees Airline და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA).
საქართველოს ავიაბაზრის 2-2%-იან წილს ფლობენ: Air Astana, Lufthansa, Qatar Airways-ი, El Al და Aircompany Armenia.
2021 წლის მაჩვენებლებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 96%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 4%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ავიაკომპანიების უმეტესობას საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულება რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა. “ცის” გახსნის პროცესი 2020 წლის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყო.