31 ოქტომბრიდან რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია TAROM-ი ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებების განხორციელებას იწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ავიაკომპანია 15 ოქტომბერს 11:00 საათზე, სასტუმრო „მერკურში“ სპეციალურ ღონისძიებას გამართავს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლები პირები დაესწრებიან.

ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “TAROM“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა.

ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

როგორც ცნობილია საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება უკვე დაწყებულია და მას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია “TAROM” 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.