ის დაშვება, რომ შესაძლოა სანქცირებული თვითმფრინავი გამოფრინდეს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ მოვემსახურებით, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ ჟურნალისტებთან რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არც ერთი აეროპორტი სანქცირებულ ავიაკომპანიას და საჰაერო ხომალდს არ მოემსახურება.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავიახომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში. რაც ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ავიაცია არის მკაცრად კონტროლირებადი ინდუსტრია და ის დაშვება, რომ შესაძლოა სანქცირებული თვითმფრინავი გამოფრინდეს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ მოვემსახურებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ საქართველოს არც ერთი აეროპორტი: არც თბილისის, არც ბათუმის და არც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები არ მოემსახურებიან არც ერთ სანქცირებულ ავიაკომპანიას თუ ხომალდს. იმ კომპანიებზე, რომლებზედაც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა, არ არიან სანქცირებულნი არც აშშ-ს და არც ევროპის მიერ“, აღნიშნა ქარქაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ბერკეტი აქვს მის უწყებას, რომ სანქცირებული პირები ამ ბორტებზე არ მოხვდნენ, ქარქაშაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის სხვა სტრუქტურები მუშაობენ.

„რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ პირებს ამისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არ ვართ ის ორგანო, რომელიც ამას აკონტროლებს. ჩვენ ვართ აეროპორტების ოპერატორები. ამისთვის არსებობს სხვადასხვა უწყება, რომელიც აკონტროლებს მსგავს საკითხებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.